შერეფ ალ-დინ (შერეფ-ხან) იბნ შამს ალ-დინ ბითლისი (სპარს. شرفالدین خان بن شمسالدین بن شرف بیگ بدلیسی) (დ. 25 თებერვალი, 1543, ქარაჰრუდი, ყუმის მახლობლად, — გ. დაახლ. 1603/1604, დაკრძალულია ბითლისში) — სპარსულენოვანი ქურთი ისტორიკოსი რუზაქის ტომისა.
=KTML_Bold=ბიოგრაფია=KTML_End=
იზრდებოდა ირანში, შაჰ თამაზ I-ის კარზე. 1578 წელს ოსმალეთის სამსახურში გადავიდა, რისთვისაც სულთანმა, მურად III-მ ბითლისის მმართველობა და ხანის ტიტული უბოძა. ირანთან ომის დროს, 1578–1588 წლებში ქურთთა რაზმებით აქტიურად მონაწილეობდა ოსმალთა ლაშქრობებში სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში. მას ეკუთვნის ორტომიანი ისტორიული თხზულება „დიდების წიგნი“ „შარაფნამე“, რომელშიც მოთხრობილია ქურთული მომთაბარე ტომებისა და დინასტიების ისტორია. მასში გადმოცემულია აგრეთვე ოსმალეთის, ირანის და სხვა მეზობელი ქვეყნების 1290–1596 წლებში მომხდარი ისტორიული მოვლენები.
=KTML_Bold=ცნობები საქართველოს შესახებ=KTML_End=
„შარაფნამე“ მრავალ ცნობას შეიცავს საქართველოს შესახებ, რომელთაგან ყველაზე ძველი X საუკუნეს ეხება. თხზულებაში აღწერილია საქართველოში მომხდარი XVI საუკუნის არაერთი მოვლენა, მათ შორის, ყიზილბაში სარდლის დივ-სულთან რუმლუს ლაშქრობა, შაჰ-თამაზ I-ის ლაშქრობები, მოთხრობილია მის მიერ თბილისის ციხის აღება, ვარძიის მონასტრის დარბევა-გაძარცვა და საქართველოდან 30 ათასი ტყვის წაყვანა 1554 წელს.
საინტერესო ცნობებია თბილისის ციხისთავზე გულბათზე და მის ვაჟებზე, რომლებიც შემდეგ შაჰის ერთგულნი გახდნენ, აგრეთვე ირანის სამეფო კარზე მოღვაწე ქართველების, შაჰის ქართველი ცოლების, მათი შვილების შესახებ. ასევე ვრცლად არის მოთხრობილი თხზულებაში მუსტაფა ლალა-ფაშას ლაშქრობებთან დაკავშირებული ამბები, ქართლის მეფის სიმონ I-ის და სამცხის ათაბაგის მანუჩარის ბრძოლა.
[1]